ავტორები:
ირინე ელიზბარაშვილი
მანანა სურამელაშვილი
ციცინო ჩაჩხუნაშვილი
490 გვერდი
წიგნის მთავარი საგანია საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო ზოლში შემონახული შუა საუკუნეების გამაგრებული დასახლებების ტრადიციული არქიტექტურა და ურბანული მემკვიდრეობა. ინტენსიური საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებულ მასალასთან ერთად გაანალიზდა და ფართოდ იქნა მოხმობილი არსებული გრაფიკული მასალა, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მონაცემები და ფოლკლორი.
წიგნი საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო დასახლებების არქიტექტურული მემკვიდრეობის კომპლექსური შესწავლის პირველ ცდას წარმოადგენს. პროექტის (FR/216/1-40/14) ფინანსური მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
ავტორები: მ. ლილუაშვილი, დ. ხოშტარია,
ნ. ჭიჭინაძე
თბილისი, 2018, გვ. 160
ილუსტრირებულ წიგნში განხილულია XIX საუკუნეში საქართველოში რამდენიმე ტალღად ჩამოსახლებული პონტოელი ბერძნების საქმიანობა – არქიტექტურის, კედლისა და დაზგური მხატვრობისა თუ ლიტურგიკული ხელოვნების ნიმუშების საფუძველზე. ბერძენმა ოსტატებმა – ქვითხუროებმა და ხატმწერებმა – XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში ხელშესახები კვალი დატოვეს ქვეყნის ლამის ყველა კუთხეში. ეს წიგნი სწორედ მათი ნამოღვაწარის ზოგადი სურათის წარმოჩენას ემსახურება.
ავტორები: ვახტანგ ბერიძე, დიმიტრი თუმანიშვილი.
თბილისი, 2018, გვ. 172
ქვეყნის ხანმოკლე დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გამოცემაა, რომელიც მოიცავს ორ ნარკვევს: ვახტანგ ბერიძის „კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921 წლები)“ და დიმიტრი თუმანიშვილის „ხუროთმოძღვრება და მშენებლობა 1917-1920 წლების საქართველოში“. წიგნი მდიდრულადაა დასურათებული 1918-1921 წლების სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებით, ამ პერიოდში მოღვაწე პირთა ფოტოსურათებითა და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტებით, მოცემულია ქართული ტექსტის სრული ინგლისური თარგმანი და ილუსტრაციების ანოტაციები.
ავტორები: თ. დადიანი, ე. კვაჭატაძე, თ. ხუნდაძე
424გვ.
წიგნი წარმოადგენს რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული მრავალწლიანი კვლევითი პროექტის დამაგვირგვინებელ ეტაპს. გამოცემაში “შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება” შევიდა დღემდე გამოუქვეყნებელი უამრავი მასალა, რელიეფები, რომელიც მანამდეც კარგად იყო ცნობილი თავიდან იქნა გადაღებული. ამ გამოცემის საშუალებით იქმნება უწყვეტი სურათი ქართული შუა საუკუნეების ქანდაკების განვითარების და რაც მთავარია, რადგან გამოცემის ძირითადი მიმართულება სამეცნიერო ხასიათისა იყო, ნაშრომში წარმოდგენილია ვრცელი კვლევები რაც მასალის პარალელურად სრულ სურათს ქმნის ქართული ხელოვნების აღნიშნული დარგის განვითარებისათვის, მითითებულ ქრონოლოგიურ მონაკვეთში.
ავტორები: ს.ლეჟავა, მ.გაჩეჩილაძე, ქ.კინწურაშვილი, თ.ბელაშვილი
თბილისი, 2017, გვ. 264
წიგნში ნაჩვენებია მხატვარ ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის მთელი შემოქმედებითი გზა. გამოცემა უხვადაა ილუსტრირებული და მასალა ასახავს მხატვრის როგორც ფერწერულ, ასევე გრაფიკულ, წიგნის მხატვრობის, ქანდაკების, კედლის მხატვრობის და მათ შორის საეკლესიო მონუმენტური მხატვრობის ამსახველ ნამუშევრებს. ვიზუალურ მასალასთან ერთად გამოცემაში წარმოდგენილია ვრცელი სახელოვნებათმცოდნეო ტექსტუალური მასალა, რომელიც მოიცავს ოთხი ავტორის დამოუკიდებელ ტექსტს. მხატვარი წარმოდგენილია, როგორც ისტორიულ, ასევე ზოგად კულტურულ კონტექსტში.
ნარკვევების კრებულში „ქართული საეკლესიო მემკვიდრეობა ჩრდილოეთ სომხეთში“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2012 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის – “ქართულ-სომხური კულტურული ურთიერთობები. XII-XIII საუკუნეების ქალკედონური ტაძრები დღევანდელი ჩრდილოეთი სომხეთი ტერიტორიაზე” – ფარგლებში ჩატარებული სამუშაოს შედეგებია წარმოდგენილი.
პროექტში წამოჭრილი პრობლემები ჰუმანიტარული კვლევების იმ აქტუალურ საკითხთა რიგს განეკუთვნება, რომელთა მიმართ სამეცნიერო ინტერესი კარგა ხანია გასცდა საქართველოსა და სომხეთის ფარგლებს. ლორეს საერისთავოსა და მისი მიმდებარე მიწების სასაზღვრო მდებარეობამ, პოლიტიკურმა ისტორიამ, ეთნიკურად და კონფესიურად შერეულმა მოსახლეობამ, რეგიონის მემკვიდრეობისა და კულტურის ისტორიის კვლევებს სპეციფიკური სირთულე და სიმწვავე შესძინა. XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩრდილოეთი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქალკედონური ძეგლებისადმი მიძღვნილი არაერთი ნაშრომი გამოქვეყნდა. თუმცა მათი უმრავლესობა გარკვეული ტენდენციურობითა და სწორხაზოვნებით განიხილავს ამ ურთულესი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის ნაციონალური იდენტობის საკითხებს.
პროექტი მიზნად ისახავდა ინტერდისციპლინარული – სახელოვნებათმცოდნეო და საისტორიო-წყაროთმცოდნეობითი კვლევების საშუალებით, ისტორიული ლორეს ქალკედონური მონასტრების ხუროთმოძღვრების, მხატვრობისა და აქ შემორჩენილი ეპიგრაფიკის ძეგლების ფუნდამენტურ შესწავლას. კვლევის ობიექტად შეირჩა დღევანდელი ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე, გამორჩეულად მნიშვნელოვანი მონასტრები – აქორი, ახტალა, ქობაირი, ჰნევანქი და კირანცი. საგანგებო ყურადღების საგანს წარმოადგენდა ამ ძეგლთა მხატვრული გადაწყვეტის სოციალურ-პოლიტიკური, რეგიონული თუ ეროვნული თავისებურებები.
კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები მრავალ ფაქტობრივ და მეთოდოლოგიურ სიახლეს შეიცავს, რომლებიც ვფიქრობთ, ფართო სამეცნიერო დისკუსიის საგანი გახდება არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.
კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას და მათი გავრცელება, ავტორთა ნებართვის გარეშე, დაუშვებელია
ჟანი მეძმარიაშვილის შემოქმედება.
თბ., 2016;
ავტორები: დალი ლებანიძე, მარინა მეძმარიაშვილი.
112 გვ., 110 ილუსტრაცია. (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
წიგნი ეძღვნება XXს.-ის 50-60-იანელთა თაობის ქართველი მხატვრის, ჟანი მეძმარიაშვილის შემოქმედებას. ზოგად ისტორიულ-კულტურულ კონტექსტშია წარმოდგენილი მხატვრის ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრების დიდი სპექტრი.