კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე – საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება

წამყვანი ორგანიზაცია: გ. ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

თანამონაწილე ორგანიზაციები:

კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

24-25 ივნისი, 2020, თბილისი, საქართველო

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მარტი, 2020

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქრთული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, თანამონაწილე ორგანიზაციებთან: კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი; მხარდამჭერ ორგანიზაციასთან: ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო კონფერენციაში  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზესაქართველო და საერთაშორისო გამოცდილება მონაწილეობის მიღების მსურველთათვის.

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „2019 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში.

საქართველოს ტერიტორიის 20% უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ოკუპირებულია აფხაზეთის ტერიტორია სრულად და შიდა ქართლის დიდი ნაწილი (ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის ადმინისტრაციული ერთეულები). 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, შიდა ქართლში განხორციელდა დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია, პროცესი დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაციის სახით. მთელი ამ დროის განმავლობაში ამ ტერიტორიებზე (აფხაზეთსა და შიდა ქართლში) არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი და უძრავი ძეგლები დანგრევა-განადგურების მუდმივი, რეალური საფრთხის წინაშე დგას. სოციალური ქსელებითა და საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია მათი უხეში გადაკეთების და სახეცვლის შესახებ. ადგილზე შექმნილი, მუდმივი კრიზისული ვითარების გამო, ქართული მხარე ვერ ახერხებს ამ კულტურული ძეგლების მონახულებას, მათი მდგომარეობის დაფიქსირებას, საფრთხეების შეფასებას, აღნუსხვას, სათანადო ფოტო-ვიდეო დოკუმენტაციის შექმნას და სამეცნიერო კვლევას, არათუ მათ  დაცვას და რაიმე ტიპის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას.

შექმნილი ურთულესი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ისეთი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება, სადაც მოხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მექანიზმების გაანალიზება საერთაშორისო სამართლებლივ კონტექსტში და მსგავსი ტიპის პრობლემასთან დაკავშირებით, მსოფლიოში უკვე არსებული გამოცდილების გაცნობა-გაზიარება. შესაბამისად მთავარ თემადაც ეს საკითხი განისაზღვრა და სწორედ მას მიენიჭება უპირატესობა კონფერენციის მონაწილეთა შერჩევის დროსაც.

კონფერენციის მიზანია, ერთად შეკრიბოს ის მეცნიერები, რომელნიც დაინტერესებულნი არიან კონფლიქტის, რისკის ქვეშ მყოფ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული თემებით, ამასთან მზად არიან, საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება ამ სფეროში არსებული სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ.

მსგავსი ღონისძიება რეალური წინაპირობაა საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისათვის; იმ უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ, რაც ანალოგიურ რთულ ვითარებაში საერთაშორისო მხარდაჭერის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი თუ უძრავი ძეგლების დაცვისა და შენარჩუნებისთვის; გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და განისაზღვროს შესაძლო ქმედებების სქემა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

კონფერენციის თემატიკა:

  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უძრავი და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი გამოცდილება;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უძრავი და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეები;
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიზანმიმართული დაზიანება ისტორიის გაყალბებისა და კულტურული გენოციდის მიზნით;
  • კონფლიქტის ზეგავლენა კულტურულ მემკვიდრეობაზე (რისკები, საფრთხეები, შედეგები, პრევენცია);
  • აფხაზეთსა და შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ზოგადისტორიული და კულტურული კონტექსტი.
  • აფხაზეთისა და შიდა ქართლის ზოგადისტორიული კონტექსტი.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება, შემდეგ ბმულზე: 

 

კონფერენცია ორდღიანია (24-25 ივნისი, 2020). შეირჩევა 20 მომხსენებელი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენები და საჯარო დისკუსიები.

კონფერენციის ფარგლებში მომზადდება ორენოვანი კრებული, სადაც შევა ყველა გამომსვლელის მოხსენება. კრებულის ელექტრონული ვერსია განთავსდება ორგანიზატორი ორგანიზაციების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებსა და დოქტორანტებს.
  • აპლიკაციის გადმოგზავნის ბოლო ვადაა 20 მარტი, 2020.
  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი შეტყობინება მონაწილეებს გაეგზავნებათ 25 მარტამდე, 2020.
  • ბეჭდური პროდუქციისთვის მასალის მიღების ბოლო ვადაა1 მაისი. მონაწილეები დამატებით ინფორმაციას ამის შესახებ მიიღებენ მონაწილეობის დადასტურების შემდეგ.

კომისიის წევრები:

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

თამარ ბელაშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, გ. ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი

მარიამ გაბაშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გ. ჩუბინაშვილის ცენტრის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი

თამარ ხოსროშვილი – გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერი-თანამშრომელი

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ზაალ აბაშიძე – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი

თამარ ოთხმეზური –  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კოდიკოლოგიის განყოფილების უფროსი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

თამარ ჭუმბურიძე – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, პროფესორი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

გიორგი ჭეიშვილი – ისტორიის  დოქტორი, თსუ ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

ვახტანგ გოილაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

სალომე ბახიაოქრუაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ  ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

მანანა თევზაძე – ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავჯდომარე

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: conference.gch@gmail.com

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კორნელი კეკელიძის სახელობის საქარველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ლურჯი ფარი საქართველო

Leave a comment
 

საერთაშორისო კონფერენცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულ კომიტეტთან ერთად ორგანიზებას უწევს საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით: „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე: საქართველო და საერთაშორისო გამოცდილება“ რომელიც გაიმართა 2020 წლის 24-25 ივნისს, თბილისში, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში.
კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „2019 წლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში დაფინანსდა.

Leave a comment
 

12 ნოემბერს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის კონსერვაციის პირველი ეტაპის პროექტის პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს გ. ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მსხვილი გრანტის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის საფასადო ქვის წყობის დაცვა შემდგომი დაზიანებისგან. პირველ ეტაპზე, რომელიც გაგრძელდება 10 თვე, ჩატარდება კომპლექსური მულტიდისციპლინარული კვლევა, რის საფუძველზეც მომზადდება კონსერვაციის სტრატეგია და შემუშავდება ჩარევის დეტალური გეგმა. საკონსერვაციო პროექტი შეეხება ტაძრის ქვიშაქვის საფასადო წყობას (ოთხივე ფასადსა და გუმბათის ყელს), რაც საერთო ჯამში შეადგენს ზედაპირის დაახლოებით 1200 კვ. მ-ს.

Leave a comment
 

სახალხო მხატვრის სერგო ქობულაძის დაბადებიდან 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, 2019 წლის 22 და 23 ოქტომბერს ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებში განიხილებოდა XIX-XX სს-ის ქართულ სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურასთან დაკავშირებული საკითხები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სერგო ქობულაძის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ფოტოები და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია. ასევე ესკიზები,  რომლებიც თანმიმდევრულად გვიჩვენებს მხატვრის სამუშაო პროცესს.

Leave a comment
 

შუა საუკუნეების ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც 18-21 სექტემბერს ბერნის უნივერსიტეტში (შვეიცარია) გაიმართა, საქართველოსადმი მიღძვნილ ორ სესიას მასპინძლობდა. სესიები ორგანიზებული იყო ფრიბურგის უნივერსიტეტის მიერ, როგორც გაგრძელება სეზონური სკოლის პრექტისა “ტაო-კლარჯეთი, ისტორია და მემკვიდრეობა, მოძრავი და უძრავი ძეგლები”.
საქართელოსადმი მიძღვნილ სხდომებს Georgia as a Bridge between Cultures: Dynamics of Artistic Exchange უძღვებოდნენ ფრბურგის უნივერსიტეტის დოქტორები მანუელა სტუდერი და ტომას კაფენბერგერი.
გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის სახელით კი მოხსენებები წარადგინეს ნინო ჭიჭინაძემ, ეკატერინე გედევანიშვილმა, ირინე გივიაშვილმა, ნატალია ჩიტიშვილმა, ირმა მამასახლისმა, თამარ დადიანმა.
საქართელოსადმი მიძღვნილი სესიები დასავლელ მეცნიერთა დიდი ინტერესის საგანი გახდა და სხდომები მსმენელით სავსე დარბაზებში გაიმართა, მოხსენებებს კი ვრცელი დისკუსიები მოყვა.

 

Leave a comment
 

15 სექტემბერს,  გაიმართა ბაზელის უნივერსიტეტის პროფ. ბარბარა შელევალდის საჯარო ლექცია “იშხნის მოხატულობა”.
საჯარო ლექცია გაიმართა სეზონური სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

 

Leave a comment
 

2019 წლის 8 სექტემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ცენტრის დაფინანსებით გაიხსნა  დიმიტრი თუმანიშვილისადმი მიძღვნილი სეზონური სკოლა „ტაო-კლარჯეთი ისტორია და მემკვიდრეობა: უძრავი და მოძრავი ძეგლები“.  სეზონური სკოლა გახსნა პროექტის ხელმძღვანელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქ. ეკატერინე გედევანიშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სკოლის სამუშაო ფორმატი გააცნო – სკოლის უმთავრესი მიზანია ამ მემკვიდრეობის ფართო ისტორიულ კონტექსტში წარმოჩენა, რაც არა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლთა განხილვას გულისხმობს, არამედ ამ მემკვიდრეობასთან უშუალოდ დაკავშირებული მოძრავი თუ უძრავი ძეგლების  შესწავლასაც (მანგლისი, კუმურდო, სამუზეუმო სივრცეში დაცული ჯვარ-ხატები, თუ ხელნაწერები და სხვა).
პროექტის თანახელმძღვანელის – დოქ. ირინე გივიაშვილის გამოსვლა  ტაო-კლარჯეთის ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენას მიეძღვნა. ცენტრის დირექტორმა  დოქ. თამარ ბელაშვილმა საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ ტიპის მოვლენები ცენტრის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებად  განსაზღვრა.   სკოლის გახსნას ესწრებოდნენ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია. ზვიად გაბისონიამ ისაუბრა ფონდის მიერ ტაო-კლარჯეთის მიმართულებით დაფინანსებული პროექტების ეროვნულ და სამეცნიერო მნიშვნელობაზე, მან სეზონური სკოლის მონაწილეებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი ხასიათის თანამშრომლობა.
მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. გერჰარდ ვოლფმა, ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფ. დოქ., მიქელე ბაჩიმ, უცხოელმა კოლეგებმა ისაუბრეს სეზონური სკოლის სამუშაო ფორმატზე, აღნიშნეს რა საველე სამუშაოების აქტუალობა, დასახეს მომავალი სამეცნიერო თანამშრომლობის გეგმები.
სეზონური სკოლის ფარგლებში გაიხსნა ცენტრის თანმშრომლის, დოქ. თამაზ დვალის ფოტოგამოფენა. ამასთან ერთად მოეწყო ბიბლიოგრაფიული გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ჩუბინაშვილის ცენტრის წვლილი ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობის კვლევის საქმეში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორის ბარბარა შელევალდის საჯარო ლექცია „იშხნის მოხატულობა.“
სეზონური სკოლა იმუშავებს საქართველოში, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში,  პროგრამა  დასრულდება თბილისში 16 სექტემბერს. 18 სექტემბრიდან კი მუშაობას გააგრძელებს ქ. ბერნში შუა საუკუნეების ხელოვნების საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც პროექტის თანამონაწილე ფრიბურგის უნივერსიტეტის მიერ არის ორგანიზებული. ფორუმზე საზაფხულო სკოლის ქართველი და ევროპელი მონაწილეები მოხსენებებით წარდგებიან. უმთავრესი თემატიკა სწორედ ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობაა.
პროექტში ჩართულნი არიან დოქტორანტები და ახალგაზრდა მეცნიერები, როგორც საქართველოდან (ჩუბინაშვილის ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია), ასევე მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებიდან.
სეზონური სკოლა ეძღვნება დიმიტრი თუმანიშვილის ხსოვნას.

 

 

 

 

Leave a comment
 

სეზონური სკოლა

2019 წლის 8-16 სექტემბერს ჩატარდა სეზონური სკოლა
“ტაო-კლარეთი ისტორია და მემკვიდრეობა: უძრავი და მოძრავი ძეგლები”
პროექტი განხორციელდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის და თანამონაწილე ორგანიზაციების:  ბაზელის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის სემინარის, ფრიბურგის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის კათედრისა და ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მიერ.  პროექტი დააფინანსა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა.

Leave a comment