1 აპრილს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული  ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (ამჟამინდელი – ეროვნული ცენტრის) დაარსებიდან 73-ე წელს გაიმართა 2013 წლის 5-7 ნოემბერს ჩატარებული საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენციის “ფიროსმანი და ქართული კულტურა”მოხსენებათა კრებულის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები, მონაწილეები და ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები.

Leave a comment
 

ამა წლის 5-7 ნოემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, იუნესკოს ეგიდით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურის წამყვანი დაწესებულებების თანამონაწილეობით ჩატარდა საერთაშორისო ინტერდისცილინური კონფერენცია  „ფიროსმანი და ქართული კულტურა“, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 150 წლისთავს მიეძღვნა.
გარდა ქართველი მეცნიერებისა, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მკვლევარებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, რუსეთის ფედერაციიდან, საფრანგეთის რესპუბლიკიდან. სხდომებზე გაშუქდა თემები, რომლებიც შეეხო მხატვრის ბიოგრაფიას, ნაწარმოებთა ატრიბუცია-ექსპერტიზას,  მხატვრის სახეს ხელოვნების სხვადასხვა დარგში, კვლევის მეთოდოლოგიას, XIX-XX საუკუნეთა მიჯნის ქართულ კულტურას.

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრმა  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი: “რენე შმერლინგის ექსლიბრისის უნიკალური კოლექციის გამოფენა (XIX ს. – XX ს.-ის 30 წწ.) და სადისკუსიო მრგვალი მაგიდა  ქართული გრაფიკული ხელოვნების პრობლემებზე” (2013 წლის 15-30 ოქტომბერი).

ღონისძიება მიეძღვნა ცნობილი გრაფიკოსი-მხატვრების – ლადო გრიგოლიასა და ნიკოლოზ ჩერნიშკოვის დაბადებიდან 110 წლისთავის საიუბილეო თარიღს.

2013 წლის 15 ოქტომბერს, გ. ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ამ ორგანიზაციის არქივში დაცული, ცნობილი ქართველი მეცნიერის, რენე შმერლინგის ექსლიბრისის კოლექცია, რომელიც მოიცავს ორ ასეულზე მეტ ქართული, სომხური, რუსული და ევროპული ექსლიბრისის საუკეთესო, უნიკალურ ნიმუშებს – XIXს-დან XXს-ის 30-ანი წლების ჩათვლით.

ექსპოზიციაში ასევე განთავსდა ლადო გრიგოლიას შრიფტების რამდენიმე გარნიტური, ქ-ნი რენეს არქივში დაცული ნ. ჩერნიშკოვის მინიატურული და დაზგური გრავიურის ნიმუშები და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული წიგნის ნიშნები (პედაგოგები: ლორეტა შენგელია-აბაშიძე, გოგი წერეთელი).
ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონფერენცია (16 ოქტომბერი).
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა ისაუბრა – რენე შმერლინგზე, როგორც მეცნიერზე, მის ფართო ინტერესებზე და ქართული კულტურის ისტორიაში შეტანილ ფასდაუდებელ ღვაწლზე.
პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ამავე ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარინა მეძმარიაშვილმა ისაუბრა ნიკოლოზ ჩერნიშკოვის შემოქმედებაზე, საზოგადოებას გააცნო, როგორც რენე შმერლინგის კოლექციაში დაცული მხატვრის ნამუშევრები, ასევე ყველა ის  მასალა რომელთა მოძიებაც მოხერხდა არსებულ ეტაპზე.

საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ლადო გრიგოლიას შემოქმედების შესახებ ისაუბრა, მხატვრის მემკვიდრემ, ქალბატონმა მერი ჯაფარიძემ.

პროექტის ხელმძღვანელმა, გ. ჩუბინაშვილის ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარიამ გაჩეჩილაძემ ისაუბრა ზოგადად ექსლიბრისის ხელოვნების წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე, ამ ჭრილში განიხილა რენე შმერლინგის კოლექციის უნიკალური ექსპონატები და მიმოიხილა  ქართული ექსლიბრისის განვითარების ისტორია წარმოშობიდან (XVIII ს.) დღევანდელ დღემდე.

დასასრულს შედგა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გრაფიკოსმა მხატვრებმა, სტუდენტებმა და დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა.

დისკუსიის საგანს შეადგენდა თანამედროვე ქართულ წიგნის გრაფიკაში წარმოქმნილი პრობლემები: ბეჭდური, კომპიუტერული და მხატვრული შრიფტის, ორნამენტის და ექსლიბრისის განვითარებაში არსებული მწვავე, პრობლემატური საკითხები. წარიმართა მსჯელობა მათი გადაჭრის გზების საძიებლად და დაისახა მომავალი ღონისძიებების გეგმები.

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრობლობის პროგრამის ფარგლებში დაწყებული პროექტის „LIMEN: კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე პარტნიორია.

პროექტის ორგანიზატორია ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი); პროექტის პარტნიორები არიან: სტამბულისა და კოჩის უნივერსიტეტები (თურქეთი), კავალას მუნიციპალიტეტი (საბერძნეთი); კონსტანცას ნაციონალური ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმი (რუმინეთი); ოდესის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი (უკრაინა); ვარნას მუნიციპალიტეტი (ბულგარეთი). პროექტის მხარდამჭერები არიან: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), შავი და აზოვის ზღვების პორტების ასოციაცია (BASPA ), შავი ზღვის საერთაშორისო კლუბი (IBSC).

პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და „კულტურის ევროპული დედაქალაქის“ გამოცდილების გამოყენებით ახალი ინსტიტუციის: „შავი ზღვის კულტურული პორტის“ დაფუძნება. ინსტიტუციის მიზანია შავი ზღვის აუზის ქალაქი-პორტების მემკვიდრეობისა და სპეციფიკური ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია; ქალაქი-პორტების მდგრადი და თანასწორი თანამშრომლობის ეკონომიკური და კულტურული პლატფორმის მომზადება.

საწყის ეტაპზე პროექტი გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებში ადგილობივი ქსელების ჩამოყალიბებას.

Leave a comment
 

30-31 ივლისს ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა პირველი გამოფენა. ფოტო-გამოფენა ეძღვნებოდა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელ მდგომარეობას.

გამოფენა ორგანიზებულ იქნა ახალგაზრდული ორგანიზაციის “ახალგაზრდები ხელოვნებისთვის” მიერ. ორგანიზატორი- ლევან ამირანაშვილი.

გამოფენას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ბესიკ მაცაბერიძე, ამერიკის შეერტებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ქ-ნ იაროსლავა პეტროვა, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი თუმანიშვილი, ცენტრის თანამშრომლები, თბილისის სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები და საზოგადოების წარმომადგენლები.

Leave a comment
 

2013 წლის 26 ივნისს პროფესორი ემა ლუსლიმ,

(ექსეტერის უნივერსიტეტი, ინგლისი)

წაიკითხა მოხსენება „სირიული მონასტრების ხელოვნება: დეირ მარ მუსა ალ-ჰაბაშის ისტორია და ფრესკები (სირია)“

Leave a comment
 

2013 წლის 29 მაისს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში  ოქსფორდის უნივერსიტეტის ანტიოქიის ცენტრის დირექორმა აბუნა (მამა) ელია ხალიფემ წაიკითხა ლექცია ანტიოქიის ცენტრის მიმდინარე პროექტებისა და მათი შედეგების თაობაზე. ლექცია უხვად იყო  ილუსტრირებული და დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან ეს მასალა ნაკლებ ცნობილია ქართულ სამეცნიერო წრეებში.

Leave a comment
 

2013 წელის 24 მაისს გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა მონაწილეობა მიიღო სემინარში “ეკლესია და კულტურა”, რომელიც ჩატარდა მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში “ეროვნული თვითმყოფადობა საკაცებრიო ღირებულებების კონტექსტში”. სემინარს აწყობს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

მოხსენებები წაიკითხეს ნეკრესის მთავარეპისკოპოსმა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მეუფე სერგიმ და გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა .
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

Leave a comment