>> მთავარი \ Archives for admin
2026 წლის 17 ივლისს საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის (INHA) სამეცნიერო კოორდინატორმა, არქეოლოგიის დოქტორმა სიფანა ჩაკერიანმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში წარმოადგინა პრეზენტაცია: „ტიერების არქივი საფრანგეთის ხელოვნების ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის სამეცნიერო არქივში (პარიზი): კვლევისა და ციფრული წარმოჩენის პროექტი“.
ცნობილ ფრანგ მეცნიერებს ნიკოლ და ჟან-მიშელ ტიერებს მჭიდრო მეგობრული და პროფესიული ურთიერთობა ჰქონდათ გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლებთან. მათი მდიდარი ფოტოდოკუმენტური არქივის დამუშავება და ციფრულ ფორმატში გადაყვანა 2022 წლიდან მიმდინარეობს. მრავალ სხვა საინტერესო მასალასთან ერთად, არქივში დაცულია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშების ფოტოსურათები და საველე ჩანაწერები, რომლებიც მკვლევართა მიერ საქართველოსა და თურქეთში წლების განმავლობაში მოწყობილი არაერთი ექსპედიციის დროს შეიქმნა.
2026 წლის 23 ივნისს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართულ ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს ხანმოკლე ვიზიტით
ეწვივნენ ცნობილი ბრიტანელი ბიზანტინისტები − კურტოს ინსტიტუტის პროფესორი ენტონი ისტმონდი მეუღლესთან ერთად და სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი ლიზ ჯეიმსი.
ბრიტანელი მეცნიერები საქართველოში იმყოფებოდნენ შუა საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნების ძეგლების მოსანახულებლად.
პროფესორ ენტონი ისტმონდს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან იწყება.
პროფესორი ლიზ ჯეიმსი კი პირველად ეწვია ცენტრს და დიდი ინტერესით გაეცნო მის საქმიანობას, სამომავლო გეგმებს, გამოცემებსა და ბიბლიოთეკას.
ბრიტანელ კოლეგებს შეხვდნენ ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ გაჩეჩილაძე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დიდებულიძე და ბიბლიოთეკის გამგე ლელა კიზირია.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზ „Ars Georgica“-ში გაიმართა მხატვარ ნოდარ აფციაურის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა და მისი შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ნოდარ აფციაურის სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე გამოიფინა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კარიკატურები, შარჟები და სხვა გრაფიკული ნამუშევრები.
საზოგადოებას წარედგინა 272-გვერდიანი ორენოვანი წიგნი-ალბომი, რომელიც პირველად აერთიანებს ხელოვანის მრავალწლიანი შემოქმედების ძირითად მიმართულებებს – ფერწერას, გრაფიკას, ქანდაკებას, მხატვრულ მინას, დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას, სამკაულებს, ექსლიბრისებს, საარქივო ფოტომასალასა და სახელოვნებათმცოდნეო ტექსტებს.
წიგნი გამოიცა თბილისის მერიის მხარდაჭერით.
2026 წლის ივნისში საერთაშორისო სამეცნიერო-სახელოვნებათმცოდნეო ჟურნალში The Burlington Magazine გამოქვეყნდა რეცენზია მონოგრაფიაზე „წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში“ (რედაქტორები: ნიკოლოზ ალექსიძე და ეკატერინე გედევანიშვილი).
მონოგრაფია მომზადდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საზოგადოება „ივერიისასა“ და შვეიცარიის სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. რეცენზიის ავტორია მანუელა შტუდერ-კარლენი, ვენის უნივერსიტეტის პროფესორი.
საგამოფენო სივრცე „Ars Georgica“-ში გაიმართა თბილისის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეთა ჯგუფური გამოფენა − „მიწასა ზედა ზეცისა“.
გამოფენა მიეძღვნა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილეს და მოიცავდა ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრებს ქრისტიანულ თემატიკაზე.
ღონისძიების ფარგლებში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა მარიამ მიქაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე:
„რელიგიურ თემათა ინტერპრეტაცია თანამედროვე ქართულ ვიზუალურ ხელოვნებაში“.