2014 წლის 27-28 ნოემბერს სტამბულში გაიმართა პროექტის “ლიმენი. კულტურულიპორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” (LIMEN, Cultural Ports from the Aegean to the Black Sea) მმართველი კომიტეტის (steering comity meeting) მე-3 სამუშაო შეხვედრა. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის – გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მ. ჯანჯალია და მ. ბულია.
შეხვედრაზე პარტნიორმა მხარეებმა წარმოადგინეს საანგარიშო მოხსენებები პროექტის წინა ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ (შავი ზღვის კულტურული პორტები – ინსტიტუციის (Black Sea Cultural Port institution) დაფუძნებისთვის მზადება; პროექტში ჩართული ორგანიზაციების ადგილობრივი ქსელის შექმნა; ადგილობრივი ქსელის წევრი ორგანიზაციების ტრენინგი და ა.შ.). ქართული მხარის საქმიანობა (მომხსენებელი მ. ჯანჯალია) ძალზე წარმატებულად იქნა აღიარებული და მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ლიდერი ორგანიზაციის (ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიურუ ძეგლების ევროპული ცენტრი, EKBMM, თესალონიკი), ისე პროექტში ჩართული ყველა პარტნიორის მხრიდან.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროექტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, სამომავლო მიზნები და ამოცანები – შავი ზღვის კულტურული პორტების შესახებ მოსამზადებელი საგამომცემლო პროდუქციის (ბუკლეტი, ლიფლეტი) სტანდარტები; სამუშაო შეხვედრების (ოდესა, ვარნა) საორგანიზაციო საკითხები; შავი ზღვის კულტურული პორტების პოპულარიზაციის მიზნით ჩასატარებელი კრუიზისა და პროექტის დამასრულებელი სიმპოზიუმის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.