გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პარტნიორობაზე დაფუძნებული პროექტის “OLKAS. ეგეოსიდან შავ ზღვამდე – შუასაუკუნეების ნავსადგურები აღმოსავლეთის საზღვაო გზებზე” მომზადებასა და წარდგენაში. პროექტი წარდგენილ იქნა საბერძნეთის მიერ (ბიზანტიური და პოსტბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი, თესალონიკი), მონაწილეობენ რუმინეთის, თურქეთის, ბულგარეთის, უკრაინის სამეცნიერო დაწესებულებები. პროექტის ხანგრძლივობა 2 წელი.
2011 წელს პროექტმა გაიმარჯვა ევროკავშირის “შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის” (Black Sea CBC) ფარგლებში ჩატარებულ პირველ კონკურსში.
ამასთან დაკავშირებით ა. წ. 23 მაისს, მთავრობის კანცელარიის შენობაში გაიმართა დაჯილდოება. გამარჯვებულ პროექტებს მადლობის სიგელები გადასცა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ბატონმა გიორგი ბარამიძემ.