2009 წელს გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი და ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი შეთანხმდნენ ოთხწლიან თანამშრომლობაზე. ამ ოთხ წელიწადში უნდა განხორციელდეს კვლევითი პროექტი, რომლის მიზანია ქართული ეკლესიების ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა ტექნიკის ახალი საშუალებების გამოყენებით. იაპონური მხარე უზრუნველყოფს პროექტის მონაწილეებს უახლესი ტექნიკური აღჭურვილობით.
2010 წლის სექტემბერში დაიწყო პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობს საეკლესიო შენობების აზომვას და ფოტოგრამეტრიულ ანალიზს. საქართველოში ჩამოვიდა იაპონელ მეცნიერთა ხუთკაციანი ჯგუფი პროფესორ შირო სასანოს ხელმძღვანელობით. ქართველ კოლეგებთან ერთად მათ ჩაატარეს სამუშაოები თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და კახეთში, რის შედეგადაც გამოკვლეული იქნა მეტეხის, ანჩისხატის შიომღვიმის ბოლნისის სიონის, წინარეხის, მანგლისის, ძველი შუამთის, ნეკრესის, ალავერდის, ნინოწმინდის, გურჯაანის ეკლესიები. სამუშაოების ბოლო ორი დღე დაეთმობა მცხეთას.
დაგეგმილი კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს სრულად გამოვავლინოთ შენობათა დაზიანებები, როგორიცაა ბზარები, საძირკვლების ჯდენა, ქვის გამოფიტვა და სხვა; დავადგინოთ სეისმომედეგობის დონე და, შესაბამისად, განვსაზღვროთ შესაძლო რისკები. ამდენად, მათ დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი ეკლესიების დაცვისა და რესტავრაციის ღონისძიებების შესამუშავებლად.