(1918, ქუთაისი – 1986, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1954), ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. სწავლობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1946 წლიდან ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელია, 1971-1986 წლებში – იმავე ინსტიტუტის საქართველოს ძეგლთა აღწერილობის განყოფილების გამგე. ამ განყოფილებას დაევალა საქართველოს ტერიტორიაზე შემონახული ყველა ძეგლის გამოვლენა, აღწერა, სათანადო გრაფიკული დოკუმენტაციის შედგენა.
ვახტანგ დოლიძე უმეტესად იკვლევდა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშებს, რომელთაც მან არაერთი საყურადღებო ნაშრომი უძღვნა (გარბანი, სათხე და სხვ.). აქვს საინტერესო ნაშრომი ხევის საცხოვრებელი სახლების შესახებ. რ. შმერლინგთან და თ. ბარნაველთან ერთად მან შეადგინა გზამკვლევები თბილისის მიდამოები და საქართველოს სამხედრო გზა. 1993 წელს სხვა ავტორებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სამეცნიერო პრემია წიგნისათვის “საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა”, წიგნი V.
რჩეული ნაშრომები: 1. Военно-грузинская дорога. Путеводитель, Тб., 1956 (რ. შმერლინგთან ერთად); 2. გარბანი. ქართული ხუროთმოძღვრების IX-X სს. ძეგლი ხევში, თბ., 1958; 3. ხევის ხალხური საცხოვრებელი სახლები, Ars Georgica, 5, 1959; 4. Окрестности Тбилиси, Тб., 1960 (რ. შმერლინგთან და თ. ბარნაველთან ერთად); 5. Рустави, Тб., 1962; 6. დავით გარეჯის გამოქვაბულთა კომპლექსი, ძეგლის მეგობარი, N3, თბ., 1964; 7. შატილი, ძეგლის მეგობარი, N5, თბ., 1965; 8. თბილისი – მცხეთა – გორი, თბ., 1966 (რ. გვერდწითელთან ერთად); 9. სათხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, Ars Georgica, 7, 1971; 10. კაზრეთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, Ars Georgica, 9, 1987; 11. თბილისიდან კავკავამდე, თბ., 1991 (რ. შმერლინგთან ერთად).