(1912, თბილისი – 1971, თბილისი)
კერამიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). ქართული კერამიკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც თავისი თემატიკით დაკავშირებული იყო ქართულ ფოლკლორთან – ხალხურ ზღაპრებთან. ზ. მაისურაძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1932-1938), იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1939-1959). დიდმა ინტერესმა ძველი ქართული კერამიკისადმი იგი მჭიდროდ დააკავშირა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან, სადაც მუშაობდა 1944-1971 წლებში და განაგებდა გამოყენებითი ხელოვნების განყოფილებას. ნამუშევრები: სერია «ირმები” (1952-1960), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, სურათების ეროვნული გალერეა; კომპოზიციები ქართული ხალხური ზღაპრების თემებზე (მცირე პლასტიკა, 1952-1955), დეკორატიული პანო «მოსავლის აღება” (1953), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; კერამიკულ ფილებზე შესრულებული დეკორატიული კომპოზიცია «ბერიკაობა” (1957-1959), სურათების ეროვნული გალერეა.
ბიბლიოგრაფია
-
ქართული შორენკეცების საკითხისათვის, Ars Georgica, ტ. 3, თბ., 1950;
-
ქართული მხატვრული კერამიკა, თბ., 1953;
-
ქართული საბჭოთა მხატვრული კერამიკის საკითხისათვის, Ars Georgica, ტ. 4, თბ., 1955;
-
კოტე მერაბიშვილი, თბ., 1958;
-
ოზაანის მხატვრული კერამიკა, თბ., 1959;
-
ქართული ხალხური მხატვრული ტრადიციების დაცვისათვის, ძეგლის მეგობარი, N5, 1965;
-
ქართული არქიტექტურული კერამიკა VIII-IX სს, ძეგლის მეგობარი, N9, თბ., 1967.