ზაქარია მაისურაძე

(1912, თბილისი   –   1971, თბილისი)
კერამიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). ქართული კერამიკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც თავისი თემატიკით დაკავშირებული იყო ქართულ ფოლკლორთან  –  ხალხურ ზღაპრებთან. ზ. მაისურაძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო  აკადემიაში (1932-1938), იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1939-1959). დიდმა ინტერესმა ძველი ქართული კერამიკისადმი იგი მჭიდროდ დააკავშირა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან, სადაც მუშაობდა 1944-1971 წლებში და განაგებდა გამოყენებითი ხელოვნების განყოფილებას.   ნამუშევრები: სერია «ირმები” (1952-1960), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, სურათების ეროვნული გალერეა; კომპოზიციები ქართული ხალხური ზღაპრების თემებზე (მცირე პლასტიკა, 1952-1955), დეკორატიული პანო «მოსავლის აღება” (1953), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; კერამიკულ ფილებზე  შესრულებული დეკორატიული კომპოზიცია «ბერიკაობა” (1957-1959), სურათების ეროვნული გალერეა.

ბიბლიოგრაფია

  1. ქართული შორენკეცების საკითხისათვის,  Ars Georgica,  ტ. 3, თბ., 1950;
  2. ქართული მხატვრული კერამიკა, თბ., 1953;
  3. ქართული საბჭოთა მხატვრული კერამიკის საკითხისათვის,  Ars Georgica,  ტ. 4,  თბ., 1955;
  4. კოტე მერაბიშვილი, თბ., 1958;
  5. ოზაანის მხატვრული კერამიკა, თბ., 1959;
  6. ქართული ხალხური მხატვრული ტრადიციების დაცვისათვის, ძეგლის მეგობარი, N5, 1965;
  7. ქართული არქიტექტურული კერამიკა VIII-IX სს, ძეგლის მეგობარი,  N9,  თბ., 1967.