(1915, თბილისი – 1993, თბილისი)
არქიტექტორი, რესტავრატორი, არქიტექტურის მკლევარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987). დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიის ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით (1936). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1972 წლიდან. 1941 წლიდან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საქმიანობასთან, 1945 წლიდან ინსტიტუტის თანამშრომელია.
მონაწილეობდა მის ექსპედიციებში. 1974 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერული დოკუმენტაციისა და პუბლიკაციის განყოფილების გამგე. მუშაობდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის პრობლემებზე. შედგენილი აქვს მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლის (ნეკრესი, ბაგრატის ტაძარი, თელოვნის ჯვარპატიოსანი, გეგუთის ციხე-დარბაზი, ქვათახევი, და სხვ.) აღდგენის პროექტი და მათი მეცნიერულ-ანალიტიკური ანაზომები. რ. მეფისაშვილთან ერთად ცინცაძემ მოამზადა ნაშრომი შიდა ქართლის მთიანი მხარის არქიტექტურაზე, მასთანვე ერთად დაბეჭდა გერმანიაში წიგნები ძველ ქართულ (უპირატესად საეკლესიო) ხელოვნებასა და შუასაუკუნოვან ქართულ ხუროთმოძღვრებაზე. ვ. ცინცაძე არქიტექტურის რესტავრაციის ქართული სკოლის ერთი უმთავრესი წარმომადგენელია, მისი აღდგენილია ქუთაისის „ბაგრატის ტაძარი“, მცხეთის “სვეტიცხოვლის» ბჯე და თავად „სვეტიცხოველი“, ბიჭვინტის ტაძარი, დრანდას ტაძარი, უბისისა და მარტვილის „სვეტები“ და ა.შ..
ვ. ცინცაძე იყო აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის ეზოში.
ბიბლიოგრაფია
-
კაცხის სვეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. VIII, N8, 1946;
-
იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია, Ars Georgica, ტ. 3, თბ., 1950;
-
საცხოვრებელი სახლის ერთი სახის დახასიათებისათვის საქართველოში (კოშკი სოფელ ხეითში), Ars Georgica, 4, თბ., 1955;
-
Тбилиси, Тб.,1958;
-
თელოვანის ჯვარპატიოსანი, Ars Georgica, 5, თბ., 1959;
-
ზემო კრიხის ხუროთმძღვრული ძეგლი, Ars Georgica ტ. 6- А, თბ., 1963;
-
ბაგრატის ტაძარი, თბ., 1964;
-
ქუთაისი-გელათი-გეგუთი, რუსულ და ინგლისურ ენებზე, თბ., 1966 (თანაავტორი რ. მეფისაშვილი);
-
უბისის სვეტი, ძეგლის მეგობარი, N18, 1969;
-
Архитектура нагорной части исторической провинции Грузии _ Шида-Картли,Тб.,1973 (თანაავტორი რ. მეფისაშვილი);
-
Die Kunst des Alten Georgien, Lpz., 1977 (თანაავტორი რ. მეფისაშვილი);
-
ქუთაისის ძველი ქალაქის შესწავლისათვის, ძეგლის მეგობარი, N4, 1986;
-
Свети-Цховели во Мцхета, Ars Georgica, 9-А, თბ., 1987;
-
Некоторые особенности базилик раннехристианской Грузии и архитектура базилики V века Свети-Цховели в Мцхета, Ars Georgica, 10-А, თბ., 1991;
-
ადრექრისტიანული (IV-Vსს.) ქართული ხუროთმოძღვრების ზოგიერთი საკითხი (სვეტიცხოველი), Ars Georgica, 11, თბ., 2001.