(1964, სამტრედია – 1994, თბილისი)
ხელოვნების ისტორიკოსი, კრიტიკოსი, ფერმწერი, პოეტი.
1981-1986 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. სამეცნიერო კვლევის სფერო – ახალი და თანამედროვე ხელოვნება (XXს.). 1989 წლიდან იყო ჟურნალის «ლიტერატურა და ხელოვნება” რედკოლეგიის წევრი. 1990 წლიდან – ხელოვნების კრიტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრი. მუშაობდა ფრანსუაზა ფრიდრიხის გალერეაში, გერმანია (1991 წ.) 1987-1994 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი.
1997 წელს ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია.
კარლო კაჭარავა XX ს-ის 80-90 წლების ქართული კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის იყო ფართო ერუდიციის მქონე, მრავალმხრივობით გამორჩეული პიროვნება – მწერალი, პოეტი, კრიტიკოსი, ფერმწერი, გრაფიკოსი, ხელოვნების თეორეტიკოსი, ისტორიკოსი, ესეისტი… ყოველ ზემოაღნიშნულ სფეროში ძალიან სერიოზული კვალი დატოვა.