ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტორ-რესტავრატორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1948 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, არქიტექტურის ფაკულტეტი. 1952-1958 წლებში მუშაობდა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოში. 1968-1991 წლებში იყო კულტურის ძეგლთა დაცვის სპეციალიზირებულ სამეცნიერო-სარესტავრაციო გაერთიანების მთავარი არქიტექტორი. 1991 წლიდან – ძეგლთა დაცვის სამმართველოს მთავარი არქიტექტორი. 1958-2006 წლებში მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში.
სამეცნიერო კვლევის სფერო – შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა.
შესრულებული აქვს ტაძრების, ციხეების, ძველი სასახლეებისა და საცხოვრებელი სახლების მეცნიერული ანაზომები. მისი პროექტებით რესტავრირებულია მნიშვნელოვანი ძეგლები – მანგლისის, ნიკორწმინდის, ბიჭვინთის, თბილისის მეტეხის ტაძრები, სორის მთავარანგელოზის, პატარა ონის წმინდა ნიკოლოზის და სხვა ეკლესიები, სამთავისის ეპისკოპოსის სასახლე, ივერიის მთის (ახალ ათონში) კოშკი და სხვა.
რჩეული ნაშრომები: 1. მასალები ქართული კულტურის ძეგლების შესახებ მოსკოვისა და ლენინგრადის არქივებში, ძეგლის მეგობარი, 2, 1964; 2. პატარა ონის ხუროთმოძღვრული ძეგლის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები, ძეგლის მეგობარი, N 18, 1969; 3. მანგლისის ხუროთმოძღვრული ძეგლი, თბ., 1974; 4. ძველი გავაზის ტაძარი, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989; 5. ბარაკონი, ძეგლის მეგობარი, N1, 1992; 6. ნიკორწმინდა, წელიწდეული, N1, 1995; 7. ნიკორწმინდა, ძეგლის მეგობარი, N1, 1996.