ვახტანგ მუსხელიშვილის პერსონალური გამოფენა.

ფერმწერი და გრაფიკოსი ვახტანგ მუსხელიშვილი 1984 წ. ამთავრებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტს. შემდგომ მცირე პერიოდის განმავლობაში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბავშვთა სამხატვრო სასწავლებელში და უკვე 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად მიემგზავრება აშშ-ში. ალბათ ამის გამოც მისი როგორც ხელოვანის გაიგივება ქართველ 80-იანელთა თაობასთან არ ხდება. ის ამჟამად ცხოვრობს ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლში და ეწევა აქტიურ შემოქმედებით და კერძო პედაგოგიურ მოღვაწეობას. ასევე სისტემატიურად მართავს პერსონალურ გამოფენებს. მხატვარი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს. 2013წ. თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიაში გამართა მასტერკლასი. მოეწყო მისი რამდენიმე გამოფენაც. ბუნებრივია ცენტრის საგამოფენო დარბაზში მსგავსი მხატვრის ნამუშევრების ექსპონირება საინტერესო იყო როგორც წმინდა პროფესიული, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანების შემოქმედების გაცნობა-პოპულარიზების თვალსაზრისით. გამოფენის ფარგლებში გაიმართა სემინარი-დისკუსია თავად მხატვართან.