22 ოქტომბერს, გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით ჩატარდა ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ტრადიციული დარბაზული ხუროთმოძღვრება საქართველოში“.მასში მონაწილეობდნენ ხელოვნების ისტორიკოსები, ეთნოლოგები, არქეოლოგები, არქიტექტორები, ეთნოდიზაინის სპეციალისტები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ექსპერტები.
მოხსენებები უკავშირდებოდა საქართველოში დარბაზის ფენომენის კომპლექსური გააზრების, თანამედროვეობაში ადაპტირებისა და იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში ნომინირების საკითხებს. კონფერენცია ვ. ბერიძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციაზე სათანადო ყურადღება დაეთმო დარბაზის გენეზისის, მისი სივრცითი კომპოზიციის, სატაძრო ხუროთმოძღვრებასთან მიმართების, აღმშენებლობის პრინციპებს, სემანტიკური რაობის, ადაპტაციის, სოციალური ფუნქციონირებისა და სხვა პრობლემებს. წარმოდგენილ იქნა მანამდე უცნობი, ექსპედიციებში მოპოვებული მასალა როგორც არქეოლოგთა, ისე ხელოვნების ისტორიკოსთა მიერ, რამაც ახალი კუთხით წარმოაჩინა დარბაზული არქიტექტურის მნიშვნელოვანება.
ამას გარდა, კონფერენციასთან ერთად, გაიმართა გამოფენა „რაჭული და თუშური საცხოვრისი“, რომელშიც თვალსაჩინოდ გამოვლინდა ტრადიციული ხალხური არქიტექტურის მრავალფეროვნება და მაღალმხატვრულობა. ფოტოსურათები ეკუთვნის მირიან კილაძესა და ნესტან თათარაშვილს, დარბაზთან დაკავშირებული ფოტოარქივი კი – შალვა ლეჟავას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ზურაბ ლეჟავას ეთნოგრაფიული ჩანახატები და არქიტექტორ კაცია გიორგობიანის შესრულებული კოლხური ოდების ნახატები.