დასრულდა აკაკი წერეთლის ახლადილუსტრირებული კრებულის შესაქმნელად გამოცხადებული ახალგაზრდა მხატვარ-გრაფიკოსების შესარჩევი კონკურსი. პროექტი ხორციელდება გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ, კულტურის სამინისტროსა და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. კონკურსის მსვლელობისას გამოიკვეთა მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა, რაც თავიდან გათვალისწინებული არ იყო. გადარჩეულ ოთხ მონაწილეს მიეცა დამატებითი დავალება, რაც ამჯერად ერთსა და იმავე ტექნიკაში, ერთიდაიმავე ზომის ნამუშევრების შექმნას გულისხმობდა.
მსგავსი საკონკურსო პირობები მონაწილეებს სრულად ერთნაირ პირობებში აყენებდა და თითოეულის შესაძლებლობასაც მეტად ცხადად წარმოაჩენდა. მეორე ტურის შედეგების მიხედვით დადგინდა ის ორი გამარჯევებული, რომელიც იმუშავებს წიგნის საბოლოო ილუსტრირებაზე.
ესენია: მხატვარ-გრაფიკოსები თედო რეხვიაშვილი და მირიან ჭანკვეტაძე.
შესაბამისად დასრულდა პროექტის „აკაკი წერეთლის ახლადილუსტრირებული კრებული“ პირველი ეტაპი. გამოვლენილნი არიან მხატვრები, რომლებიც უკვე საკუთრივ კრებულის ილუსტრირებაზე დაიწყებენ მუშაობას.
შემოდგომაზე მოეწყობა წიგნის საბოლოო პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული აკაკი წერეთლის ახალ საიუბილეო გამოცემა წარედგინება.