2014 წლის 30 მაისს აღინიშნა სახელოვანი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, ხუროთმოძღვარისა და ხელოვნებათმცოდნის, აკადემიკოს ვახტანგბერიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილე.
ვახტანგ ბერიძე (1914-2000) გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ქართული ხელოვნების კვლევის უმთავრესი კერის – გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი დირექტორი 1973-1988 და 1996-2000 წლებში.
გიორგი ჩუბინაშვილის მოწაფემ ვახტანგ ბერიძემ თავისი დიდი მასწავლებლის მიერ დაფუძნებული ქართული სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერება ახალ სიმაღლეზე აიყვანა, საერთაშორისო ავტორიტეტი და რანგი მოუპოვა; მისი ძალისხმევით გამართული მრავალრიცხოვანი საერთაშორისო სიმპოზიუმებისა (1974, 1977, 1980, 1983, 1986, 1989 წლებში) და სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნების საშუალებით ქართულ ხელოვნებას მსოფლიო მნიშვნელობა მიენიჭა: “სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII-XVI საუკუნეები“ (1955); ორტომეული “XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრება“ (1986 და 1994 წლები); ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (1977); ქართული გუმბათური არქიტექტურის განვითარება (1983); ტაო-კლარჯეთს ხუროთმოძღვრება (1981) “თბილისის ხუროთმოძღვრება, 1801-1917 წლებში“ (1960), (მონოგრაფია ქართული ნაქარგობის ისტორიიდან (1983), ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძის, ნ. ფიროსმანისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები და სხვ.
ვ. ბერიძის მიერ აღზრდილ ხელოვნების ისტორიკოსთა არაერთი თაობა დღესაც წარმატებით ემსახურება ბატონი ვახტანგისა და მის წინამორბედთა დაწყებულ ეროვნულ საქმეს.
ფასდაუდებელია ვახტანგ ბერიძის ღვაწლი თბილისის ისტორიისა და ხუროთმოძღვრების კვლევის საქმეში. ნაშრომი – “თბილისის ხუროთმოძღვრება“ დღესაც სამაგიდო წიგნია ყველასათვის, ვინც ჩვენი ქალაქის ისტორიითა და მისი სიძველეებით არის დაინტერესებული.
ბატონი ვახტანგ ბერიძე იყო არა მხოლოდ დიდი მეცნიერი, არამედ დიდი საზოგადო მოღვაწე, ჩინებულად ერკვეოდა ხელოვნების ყველა დარგში: მუსიკა, თეატრი, ლიტერატურა, პოეზია და სხვ. იგი იყო გამორჩეული პიროვნება, ღირსების მაღალი გრძნობით განმსჭვალული ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა როგორც ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში, ასევე ქართულ საზოგადოებაში.