მერი კარბელაშვილის დაბადებიდან 85 წლის იუბილე

გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერსტარდება ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მკვლევარის, მერი კარბელაშვილის (1927-2006) დაბადებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებული სამდღიანი საიუბილეო ღონისძიებები.

ათწლეულების მანძილზე ქ-ნი მერი მოღვაწეობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (დღეს – გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი) .

საიუბილეო ღონისძიებები გაერთიანებულია საერთო სახელწოდებით – “მემკვიდრეობა და თანამედროვეობა” და ითვალისწინებს:

საიუბილეო სხდომის გამართვას ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში (28 ნოემბერი, 14 საათი; ქიაჩელის ქ. 12.)

გამოფენის გახსნას შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (28 ნოემბერი, 17 საათი; ლ. გუდიაშვილის ქ. 1.)

III. სამეცნიერო სხდომებს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის  საკონფერენციო დარბაზში (29-30 ნოემბერი, 10.30-15.00 სთ., ლ. გუდიაშვილის ქ. 7.)

ხელოვნებათმცოდნე მერი კარბელაშვილი იკვლევდა ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების დარგების განვითარების პროცესებს. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა მოიცავს როგორც ზოგად-მიმოხილვით შრომებს, ასევე,  მონოგრაფიულ ნაშრომებს, ალბომებს და ცალკეულ სტატიებს წამყვანი ქართველი მხატვრების  შემოქმედების შესახებ.

საიუბილეო სხდომაზე (ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში) ნაჩვენები იქნება მცირეფორმატიანი ინფორმაციული `ფილმი~ ქ-ნი მერის წინაპრების, წმინდანად შერაცხული ძმები კარბელაშვილების შესახებ. წაკითხულ იქნება მოხსენებები მ. კარბელაშვილის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ (დ. თუმანიშვილი, ს. ლეჟავა); ახალგაზრდა მუსიკოსების მიერ შესრულდება მუსიკალური კომპოზიციები; წაკითხულ იქნება ახლად თარგმნილი უ. შექსპირის სონეტები (ნ. რამიშვილი).

 

გამოფენა `მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.

გამოფენაზე თავმოყრილია იმ მხატვართა ნამუშევრები, რომელთა შემოქმედების შესწავლასა და კვლევას ეთმობა მერი კარბელაშვილის სამეცნერო მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი.

ამგვარი მცდელობა პირველია, იმ თვალსაზრისით, რომ გამოფენა მეცნიერის კვლევის კვალდაკვალ ვითარდება. ექსპოზიციის ამგვარი კუთხით გაშლა-წარმოჩენა გამოკვეთს თვით მეცნიერის ინტერესების სფეროს და კვლევის მიმართულებას. ზოგ შემთხვევაში მერი კარბელაშვილი იყო პირველი, ვინც ნათლად გამოავლინა ხელოვანთა შემოქმედების მნიშვნელობა და საფუძველი დაუდო მომავალში ამა თუ იმ მხატვრის შემოქმედების კიდევ უფრო ღრმა და საფუძვლიან შესწავლას.

ექსპოზიციის გაცნობისას, მნახველს საშუალება ეძლევა თვალი გაადევნოს XX ს-ის სახვითი ხელოვნების დარგთა განვითარებაში მიმდინარე პროცესებს, ამის საშუალებას კი სხვადასხვა თაობის ქართველ მხატვართა გამორჩეული ოსტატების ნამუშევრების წარმოდგენა იძლევა.

ექსპოზიციაზე თავმოყრილია ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკება, რომელთა ნაწილის ექსპონირება პირველად ხდება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ გამოფენის მნიშვნელობას.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების მიხედვით, ფართო საზოგადოებას და სპეციალისტებს პირველად ეძლევათ საშუალება, თვალი მიადევნონ და შეაფასონ ქართული ხელოვნების განვითარების პროცესები იმ კუთხით, როგორც ეს ჰქონდა გააზრებული მკვლევარს და, ამავე დროს, თვალი მიადევნონ მხატვართა შემოქმედების განვითარებას დროის საკმაოდ დიდ მანძილზე (გამოფენა გაგრძელდება 12 დეკემბრამდე).

ორდღიანი კონფერენციის (29-30 ნოემბერი) ფარგლებში 22 ქართველი ხელოვნებათმცოდნის მიერ წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, რომლებშიც განხილული იქნება ძველი, ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების საკითხები.

გამოფენაზე წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და კონფერენციაზე განხილული მოხსენებების თემატიკა ბევრად ცდება მერი კარბელაშვილის მეცნიერული კვლევის დროით ჩარჩოებს და გვაცნობს ბევრ ახალ მასალას, თითქმის დღევანდელ დღემდე. სწორედ ამან განაპირობა საიუბილეო ღონისძიებების ერთ სახელწოდებაში მოქცევა: `მემკვიდრეობა და თანამედროვეობა.