ერთობლივი ქართულ-იაპონური კვლევითი პროექტი
2012 წელს გაგრძელდა 2010-2011 წლებში დაწყებული მუშაობა ერთობლივ ქართულ-იაპონურ კვლევით პროექტზე, რომელშიც გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრი თანამშრომლობს ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტთან და რომლის მიზანია შუა საუკუნის ქართული არქიტექტურის ძეგლების სამშენებლო ტექნიკის, სტრუქტურული სიმყარისა და სეისმომედეგობის შესწავლა უახლესი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. პროექტს ხელმძღვანელობს ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტის ნაშენი გარემოს დეპარტამენტის გამგე შირო სასანო. გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის მხრიდან პროექტს კოორდინირებას უწევს ძველი ხელოვნების განყოფილების გამგე დავით ხოშტარია.
2012 წლის 26 ივნისიდან 4 ივლისამდე ჩატარდა კვლევის მესამე ეტაპის სამუშაოები, რომლებიც ითვალისწინებდა ფოტოგრამეტრიულ ანალიზს და შენობების სეისმომედეგობის შემოწმებას სენსორების მეშვეობით. ერთობლივ კვლევით ჯგუფში გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული ცენტრის მხრიდან მონაწილეობდნენ: დავით ჩიხლაძე, მარიამ გაბაშვილი, გიორგი პატაშური, ნინო ციციშვილი, ნატო ჩიტიშვილი, თამარ დადიანი, ირინა მანია და ეთერ ედიშერაშვილი. ჯგუფმა იმუშავა მცხეთაში, წრომში, უბისაში, სამთავისში, წინარეხში, ყინცვისში, შატილსა და მუცოში.