2010 წლის 20-21 მაისს სტამბულში, ბაჰჩეზეჰირის უნივერსიტეტში (Bahcesehir University) შედგა საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმი – ევრო-აზიურ კორიდორში ურბანულ ზრდასა და კონსერვაციზე.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ – იაპონიის არქიტექტურის ინსტიტუტი (Architectural Institute of Japan, AIJ) და სტამბულის საპროექტო ინსტიტუტი (Istambul Metropolitan Planning (IMP). აღსანიშნავია, რომ სწორედ იაპონიის არქიტექტურის ინსტიტუტი წარმოადგენს აღმოსავლეთი და ცენტრალური აზიის ისტორიული ქალაქების კონსერვაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთ ინიციატორს.
სტამბულის სიმპოზიუმი მიზნად ისახავდა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული სტრუქტურების კვლევის შედეგად მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით, ისტორიული ქალაქებისა თუ სოფლებისათვის სწორი განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მათი გარემოს გადარჩენისათვის რაციონალური სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობას.
სიმპოზიუმი სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებსა და სპეციალისტებს შორის აზრთა გაცვლისა და გაზიარების ხელშეწყობასაც ემსახურებოდა.
როგორც ცნობილია, ევრო-აზიური კორიდორი რამდენიმე კონტინენტზე გაშლილი, აღმოსავლეთ აზიასა და ევროპას შორის მდებარე დამაკავშირებელი ხაზია. საქართველო და მისი დედაქალაქი აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთი განშტოების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამდენად, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარე არქიტექტურულ-ურბანული თვალსაზრისით გამორჩეულ მრავალ ქალაქსა თუ რურალურ სტრუქტურებს შორის თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობა და აქ მიმდინარე სამშენებლო პროცესები, ერთ-ერთი საყურადღებოთაგანი იყო სტამბულის კონფერენციაზე.
აღნიშნულ ფორუმზე თბილისის სამხატვრო აკადემიისა და გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი – მაია მანია წარსდგა მოხსენებით: თბილისი – ტრადიციათა შეხვედრის ადგილი.