მატერიალური კულტურის ძეგლთა აღწერილობის განყოფილება
1971 წელს ინსტიტუტში შეიქმნა “ძეგლთა ნუსხის განყოფილება” (1987 წლამდე მას ვახტანგ დოლიძე ხელმძღვანელობდა, 1987 წლიდან დღემდე -თამაზ დვალი,) რომელმაც 1990 წელს გამოსცა ძეგლთა აღწერილობის V ტომი, 2004-ში – II ტომი, 2013 – ტომი 1-I; ხოლო 2015-ში ტომი 1-II. 1991 წლიდან ამ განყოფილების საფუძველზე შედგა ქართული ხუროთმოძღვრების მიკროფიშების ჯგუფი, რომელმაც აახენის ტექნიკური უმაღლესი სკოლის თანამშრომელ გუნდოლფ ბრუხჰაუსთან ერთად ჰოლანდიაში დასაბეჭდად გაამზადა მიკროფიშების 8 ტომი – “ქართული არქიტექტურა”,
სამეცნიერო-საცნობარო, ენციკლოპედიური ხასიათის კრებულის “Georgian Architecture”-ს (ინგლისურ ენაზე), გამოსცემდა ნიდერლანდების სამეფოს საერთაშორისო დოკუმენტაციის კომპანია (IDH). კრებულში მასალა განთავსებულია ქვეყნის ისტორიული მხარეების მიხედვით, შემდეგი თანამიმდევრობით:
ტომი I, 1994. – შიდა ქართლი (ცენტრალური ნაწილი);
ტომი II, 1995. – შიდა ქართლის მთიანი ნაწილი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, ფშავი, ერწო თიანეთი;
ტომი III, 1997. – კახეთი;
ტომი IV, 1999. – თუშეთი, ქვემო ქართლი;
ტომი V, 2001. – ქართლი/თრიალეთი, სამცხე, ჯავახეთი, თორი, თბილისი;
ტომი VI, 2004. – რაჭა, ლეჩხუმი, იმერეთი;
ტომი VII, 2007. – სვანეთი, სამეგრელო, გურია, აფხაზეთი, აჭარა;
ტომი VIII, 2010. – ტაო-კლარჯეთი.
კრებულის I ტომს 1995 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. კრებულში სულ წარმოდგენილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კედლის მხატვრობის 2000-მდე ძეგლი, 46.250 გვერდის მოცულობის ტექსტობრივი და საილუსტრაციო მასალის თანხლებით (ტექტობრივი მასალა: დაახლ 3000 გვ. 43. 000-ზე მეტი ფოტო და გრაფიკული ილუსტრაცია) რვატომეული გამიზნულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლებისა და ბიბლიოთეკებისათვის, რომლის საშუალებითაც ქართული კულტურის ისტორიით დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა სრული ინფორმაცია მიიღოს საქართველოს შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ძეგლების შესახებ. მთელი მასალა თავმოყრილია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში.