გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
დამფუძნებლები

ვახტანგ ბერიძე

(1914, ქუთაისი  -  2000, თბილისი)
1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1936-1998 წწ-ში ასწავლიდა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს  სასწავლებლებში. 1941 წლიდან გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის  ინსტიტუტის თანამშრომელი, 1973-1988 წწ-ში და 1996-2000 წწ-ში მისი დირექტორი, 1988-1996 წწ-ში   -   საპატიო დირექტორი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ვ. ბერიძის კვლევითი მუშაობის უმთავრესი მიმართულება ქართული არქიტექტურის ისტორია იყო. ფუძემდებელი მნიშვნელობისაა წიგნები XII-XIV სს-ის სამცხის ტაძრებზე, XVI-XVII სს-ის საეკლესიო არქიტექტურაზე, 1801-1817 წწ-ის თბილისის აღმშენებლობაზე, 1920-1930-იანი წწ-ის ქართულ არქიტექტურაზე, რომელთაც განსაზღვრეს ამ პერიოდების მეცნიერული შესწავლის გეზი.

იგი ავტორია მონოგრაფიებისა ცალკეული ძეგლების (სავანის წმ. გიორგი, კაცხის ტაძარი, «მაღალაანთ ეკლესია» და ა.შ.), რეგიონალური სკოლების (ტაო-კლარჯეთი), ცალკეულ ხელოვანთა (სვ. კლდიაშვილი) შესახებ; საყოველთაოდაა ცნობილი ქართული ხუროთმოძღვრების განმაზოგადებული ნაშრომები ქართულ, რუსულ და გერმანულ (ე. ნოიბაუერთან ერთად) ენებზე, ენციკლოპედიური ნაშრომი «ძველი ქართველი ოსტატები» და სხვა.
ვ. ბერიძეს ეკუთვნის მონოგრაფია XV-XIX სს-ის ქართულ გარდამოხსნებზე, ნაშრომები თვალსაჩინო ქართველი მხატვრების (დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ნ. ფიროსმანაშვილი) შესახებ; ნ. ეზერსკაიასთან ერთად ავტორია წიგნისა XIX-XX სს-ის ქართულ სახვით ხელოვნებაზე. დასტამბული აქვს მთელი რიგი ნარკვევები ქართული ხელოვნების შესწავლის ისტორიის შესახებ.

 

 

 

ბიბლიოგრაფია

  1. სავანე,  Ars Georgica, 1, თბ., 1942;
  2. ეხვევის დედა-ღვთისა,  Ars Georgica, 2, თბ., 1942;
  3. თბილისის "ლურჯი მონასტერი",  Ars Georgica,  3, თბ., 1948;
  4. მცხეთის კათედრალის "სვეტიცხოველი" და ქართლის მოქცევის  სიუჟეტები მის ფრესკებში,  საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. XV-B, თბ., 1948;
  5. Против искажения истории грузинского искусства, Тб., 1949;
  6. კაცხის ტაძარი,  Ars Georgica, 3, თბ., 1950;
  7. ქართული საბჭოთა არქიტექტურის ისტორია,  Ars Georgica, 4, თბ., 1955;
  8. სამცხის ხუროთმოძღვრება, თბ., 1955;
  9. მაღალაანთ ეკლესია, Ars Georgica, 5, თბ., 1959;
  10. თბილისის ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1960;
  11. თბილისის ხუროთმოძღვრება,  ტ. 2, თბ., 1963;
  12. გიორგი ჩუბინაშვილი, თბ., 1963;
  13. ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  14. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  15. Искусство Советской Грузии, М., 1975 (ნ. ეზერსკაიასთან ერთად);
  16. Некоторые аспекты грузинской купольной архитектуры со второй половины   X в. до конца   XIII века, Тб., 1976;
  17. Die Baukunst des Mittelalt ers in Georgien, Berlini, 1980 (Edith  Nenbauer-თან ერთად);
  18. Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981;
  19. ქართული ნაქარგობის ისტორიიდან, თბ., 1983;
  20. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983;
  21. Давид Какабадзе, М., 1989;
  22. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994.
  23. ნიკო ფიროსმანაშვილი,  (წიგნი გამოსაცემად მოამზადა გ.მარსაგიშვილმა), თბ., 2007 (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენაზე).