გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ისტორია

ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი დაარსებულია 1941 წლის 1 აპრილს და თავისი დამფუძნებლისა და პირველი დირექტორის გიორგი ჩუბინაშვილის (1941-1973) სახელს ატარებს. 1973-1988 და 1996-2000 წლებში მას აკადემიკოსი, პროფესორი ვახტანგ ბერიძე უძღვებოდა, 1988-1996 წლებში - აკადემიკოსი, პროფესორი ნოდარ ჯანბერიძე, 2001-2006 წლებში - თეიმურაზ საყვარელიძე.

ინსტიტუტის პირველი თანამშრომლები მანამდე ძირითადად ხელოვნების მუზეუმში “მეტეხი” და შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმში მუშაობდნენ. პირველ ყოვლისა, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის «ხელოვნებათმცოდნეობის კაბინეტს,” ეკუთვნოდა მისი ბიბლიოთეკის, ნახაზებისა და ფოტოარქივების პირველი ფონდებიც. ბიბლიოთეკის მოზრდილი ნაწილი და ინსტიტუტის არქივები, 1940-1980-იან წლებში მოპოვებული მასალებითურთ, განადგურდა 1991 წლის დეკემბერში თბილისში განვითარებული სამხედრო დაპირისპირების დროს.

ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი იმთავითვე გახდა საქართველოში ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა-ძიების უმთავრესი ცენტრი. მისი მიზანი იყო ქართული ხელოვნებისა და, საზოგადოდ, საქართველოს მხატვრული მემკვიდრეობის (მის მიწა-წყალზე შექმნილი თუ აქ შემოტანილი სხვა ერებისა და კულტურების წარმომადგენლების ნაწარმოებთა ჩათვლით) მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისით შესწავლა, მისი მეზობელი ქვეყნებისა თუ მსოფლიო ხელოვნების ერთობლიობაში წარმოჩენა.

სხვადასხვა დროის (წინაქრისტიანული, შუასაუკუნოვანი, XIX-XX საუკუნეების) ქართული ხუროთმოძღვრების, სახვით და მცირე ხელოვნებათა ნიმუშებთან ერთად, ინსტიტუტში ისწავლება ანტიკური, სასანური, ბიზანტიური, სომხური, მაჰმადიანური, დასავლეთ ევროპული თუ რუსული ხელოვნების ისტორიის საკითხები.

ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი დაარსების დროიდან მჭიდროდ თანამშრომლობს ყოფილი სსრკ-ს, ევროპისა თუ აშშ სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან. საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით გაფართოვდა 1970-იანი წლებიდან. 1974-1989 წწ-ში ინსტიტუტის აქტიური მონაწილეობით გაიმართა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი 6 საერთაშორისო სიმპოზიუმი (1974 - ბერგამო; 1977, 1983, 1989 - ბარი, Lecce; 1986 - Pavia და ტორბას მონასტერი).

ინსტიტუტის კვლევითი მუშაობის ერთი უმთავრესი მიმართულება იყო შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრება, კერძოდ, ტაძართმშენებლობა. დაარსების დღიდან მისი დამფუძნებლები იკვლევდნენ როგორც V-VII, ასევე VIII-IX და X-XII სს-ის არქიტექტურის ნაწარმოებებს, მათ ტიპოლოგიურსა და რეგიონულ ჯგუფებს (გ. ჩუბინაშვილი, ვ. ბერიძე, რ. მეფისაშვილი, ლ. რჩეულიშვილი, რ. შმერლინგი, ნ. სევეროვი, ნ. ჩუბინაშვილი, ვ. ცინცაძე), რაც მომდევნო თაობის მკვლევარებმაც გააგრძელეს (ი. გომელაური, მ. დვალი, ვ. დოლიძე, თ. სანიკიძე, თ. საყვარელიძე). 1940-იანი წლების ბოლოდან მნიშვნელოვან თემად შემოდის XIII-XIV სს-ის ეკლესიათა არქიტექტურა (ვ. ბერიძე, ნ. ანდღულაძე, ი. გომელაური, თ. სანიკიძე), ხოლო 1960-იან წლებში კი - გვიანი შუა საუკუნეების სატაძრო ნაგებობებშიც (ვ. ბერიძე).თუმანიშვილი, ქ. კინწურაშვილი, მ. ოკლეი), გამოყენებით-დეკორატიულ ხელოვნებას (მ. მაისურაძე, ნ. ყიფიანი), ცალკე თემებად გამოიკვეთა XIX ს-ის მხატვრობა (გ. მასხარაშვილი, მ. ციციშვილი, გ. ხოშტარია) და ნ. ფიროსმანაშვილი (გ. ხოშტარია).

გარდა ცალკეული გამოკვლევებისა ინსტიტუტში მომზადდა და ქართულად და სხვა ენებზე გამოიცა განმაზოგადებელი შრომები ქართულ არქიტექტურასა (ვ. ბერიძე, რ. მეფისაშვილი და ვ. ცინცაძე, ნ. ჯანბერიძე) თუ ქართულ ხელოვნებაზე საზოგადოდ (რ. მეფისაშვილი და ვ. ცინცაძე, ვ. ბერიძე, ა. ვოლსკაია, გ. ალიბეგაშვილი, ლ. ხუსკივაძე). .