გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
დამფუძნებლები

გიორგი ჩუბინაშვილი

(1885, ს. პეტერბურგი   -  1973, თბილისი)ქართული ხელოვნებათმცოდნეობის დამფუძნებელი. 1906-1916 წწ-ში ფსიქოლოგიასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა ლაიფციგის, ჰალლეს და პეტროგრადის უნივერსიტეტებში. 1917-1922 წწ-ში კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის, 1929-1934 წწ-ში საქართველოს სახელმწიფო  მუზეუმის თანამშრომელი, 1934-1941 წწ-ში ხელოვნების მუზეუმის «მეტეხი» ხუროთმოძღვრების განყოფილების გამგე, 1941-1973 წწ-ში ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი; 1918-1948 წწ-ში თსუ პროფესორი, 1922-1940 წწ-ში თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922-1928 წწ-ში  - რექტორი), ჰალლეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსრკ არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ლაიფციგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. გიორგი ჩუბინაშვილის ერთი უმთავრესი საკვლევი საგანი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია იყო. მან დაადგინა ქართული არქიტექტურის განვითარების ძირითადი კანონზომიერებანი, მისი საფეხურები და ნიშან-თვისებები, მონოგრაფიულად შეისწავლა ქართული სატაძრო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები (ბოლნისის სიონი, მცხეთის წმინდა ჯვრის ტაძარი და მისი მიმდევი ეკლესიები, წრომი, სამწევრისი, კუმურდო, «სამი კათედრალი» და ა.შ.) ცალკე დაამუშავა კახეთის საეკლესიო და სამოქალაქო ხუროთმოძღვრება; დაწერილი აქვს ნარკვევები 1930-1950-იანი წწ-ის არქიტექტურის შესახებ. გ. ჩუბინაშვილმა დიდტანიანი შრომა მიუძღვნა ქართულ ლითონმქანდაკებლობასაც, რითაც დადგინდა შუასაუკუნოვანი ქართული პლასტიკის ისტორიის ძირითადი საფეხურები და თავისებურებანი. შუა საუკუნეების მხატვრობის საკითხები განხილულია სახელოვნებათმცოდნეო-კულტურულისტორიულ მონოგრაფიაში გარეჯის კლდეში ნაკაფი მონასტრების შესახებ. გ. ჩუბინაშვილი წერდა მცირე ხელოვნების ქართულ (არმაზისხევის ოქროს ნივთები, სპილოს ძვლის ტრიპტიქონი რაჭიდან) თუ შემოტანილ (სირიული თასი უშგულიდან) ნიმუშებზე; გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები თავის თანამედროვე ხელოვანთა თუ მეცნიერთა შესახებ. იგი საგანგებოდ სწავლობდა მომიჯნავე ქვეყნების (პირველ რიგში სომხეთის, ასევე ინგუშეთის, აზერბაიჯანის) ხუროთმოძღვრებასა და რელიეფებს, დამუშავებული აქვს სპეციალური (ა. დიურერის «12 წლის ქრისტე» და სამეცნიერო-პოპულარული  (ლ. კრანახი, ე. ბარლახი, ფ. მაზერელი, კ. კოლვიტცი) ნაშრომები ევროპული მხატვრების შესახებ.  

მეტი

ვახტანგ ბერიძე

(1914, ქუთაისი  -  2000, თბილისი)1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1936-1998 წწ-ში ასწავლიდა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს  სასწავლებლებში. 1941 წლიდან გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის  ინსტიტუტის თანამშრომელი, 1973-1988 წწ-ში და 1996-2000 წწ-ში მისი დირექტორი, 1988-1996 წწ-ში   -   საპატიო დირექტორი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ვ. ბერიძის კვლევითი მუშაობის უმთავრესი მიმართულება ქართული არქიტექტურის ისტორია იყო. ფუძემდებელი მნიშვნელობისაა წიგნები XII-XIV სს-ის სამცხის ტაძრებზე, XVI-XVII სს-ის საეკლესიო არქიტექტურაზე, 1801-1817 წწ-ის თბილისის აღმშენებლობაზე, 1920-1930-იანი წწ-ის ქართულ არქიტექტურაზე, რომელთაც განსაზღვრეს ამ პერიოდების მეცნიერული შესწავლის გეზი. იგი ავტორია მონოგრაფიებისა ცალკეული ძეგლების (სავანის წმ. გიორგი, კაცხის ტაძარი, «მაღალაანთ ეკლესია» და ა.შ.), რეგიონალური სკოლების (ტაო-კლარჯეთი), ცალკეულ ხელოვანთა (სვ. კლდიაშვილი) შესახებ; საყოველთაოდაა ცნობილი ქართული ხუროთმოძღვრების განმაზოგადებული ნაშრომები ქართულ, რუსულ და გერმანულ (ე. ნოიბაუერთან ერთად) ენებზე, ენციკლოპედიური ნაშრომი «ძველი ქართველი ოსტატები» და სხვა.ვ. ბერიძეს ეკუთვნის მონოგრაფია XV-XIX სს-ის ქართულ გარდამოხსნებზე, ნაშრომები თვალსაჩინო ქართველი მხატვრების (დ. კაკაბაძე, ლ. გუდიაშვილი, ნ. ფიროსმანაშვილი) შესახებ; ნ. ეზერსკაიასთან ერთად ავტორია წიგნისა XIX-XX სს-ის ქართულ სახვით ხელოვნებაზე. დასტამბული აქვს მთელი რიგი ნარკვევები ქართული ხელოვნების შესწავლის ისტორიის შესახებ.    

მეტი

რენე შმერლინგი

(1901, თბილისი   -   1967, თბილისი) ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხელოვნების გამოჩენილი მკვლევარი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). იგი თბილისში დაიბადა, აქვე გაატარა თავისი ცხოვრება, თავისი საქმით მთლიანად საქართველოსთან, ქართულ ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1929). მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, 1941-იდან იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. ფუძემდებლური ნაშრომები შექმნა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების და ხუროთმოძღვრული დეკორის, ძველი ქართული ქანდაკების, ხელნაწერი წიგნის მხატვრული მორთულობის შესახებ. იკვლევდა ქართული პალეოგრაფიის საკითხებს და ქართულ ხელოვნებას. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოპულარული ნაშრომები   -   გზამკვლევები ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ. შმერლინგის შრომებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ლიტერატურაში. რ. შმერლინგის ნაშრომებისთვის დამახასიათებელია ყოველი ნაწარმოებისა და ძეგლის განსაკუთრებული სიბეჯითით გამოკვლევა, ყოველმხრივი შესწავლა, მახვილი მხატვრული ანალიზი. მას უტყუარი ლიტერატურული ნიჭიც ჰქონდა, რაც აგრეთვე გამოარჩევს მის თხზულებებს. რენე შმერლინგი თავისი საქმის ფანატიკოსი იყო. თითქმის მთელი საქართველო ჰქონდა შემოვლილი, რამდენიმეჯერ იყო სვანეთში, დაღესტანში. დაუღალავი მოსიარულე იყო, უამრავი ძეგლი ჰქონდა ნანახი, თავის უბის წიგნაკებში ყოველი მათგანის დაწვრილებითი აღწერა და მშვენიერი ჩანახატები შეჰქონდა. მასთან ურთიერთობა საინტერესო იყო კოლეგებისთვის და დიდად სასარგებლო ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. მან 26 წელი იმუშავა ინსტიტუტში, ღრმა კვალი დატოვა მის საქმიანობაშიც და ქართული ხელოვნების მეცნიერებაშიც.  

მეტი

თინათინ ვირსალაძე

(1907, თბილისი   -   1985, თბილისი) ხელოვნებათმცოდნე, ქართული მონუმენტური მხატვრობის მკვლევარი.1924 წელს, საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი სწავლობდა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე,  პარალელურად კი   -  თბილისის უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1929 წელს.  ასპირანტურა დაამთავრა ლენინგრადში. მისი ხელმძღვანელი იყო ბიზანტიური  ხელოვნების ცნობილი მკვლევარი დიმიტრი აინალოვი. მუშაობდა ხელოვნების მუზეუმში   -  «მეტეხი» განყოფილების გამგედ. გ. ჩუბინაშვილის სახელობის  ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი ინსტიტუტში მოღვაწეობდა, სადაც მეოთხედი საუკუნის მანძილზე განაგებდა, ჯერ სახვითი ხელოვნების,   შემდგომ კი შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების განყოფილებას. თ. ვირსალაძე მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმესთან, როგორც  ფერწერის ძეგლთა რესტავრაციის მეცნიერი კონსულტანტი. მის შრომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის სახელოვნებათმცოდნეო გაშუქებისა და მისი ისტორიული საფეხურების ფერწერული სკოლების, ცალკეული ძეგლების თავისებურებებისა და ღირებულების  დადგენისათვის. თანადროულად  არაერთი ნაშრომი უძღვნა XIX ს-ისა და XX ს-ის ქართულ სახვით ხელოვნებასაც.თ. ვირსალაძემ მაღალი ავტორიტეტი დაიმსახურა არა მარტო ქართული ხელოვნების, არამედ ბიზანტიური და მთლიანად აღმოსავლურ-ქრისტიანული ხელოვნების მკვლევართა შორის.    

მეტი

ნიკოლოზ სევეროვი (ნორდმანი)

(1887, თბილისი   -  1957,  კიევი) არქიტექტორი, ხუროთმოძღვრების მკვლევარი, სსრკ არქიტექტურის აკადემიის აკადემიკოსი, დაამთავრა პეტროგრადის  სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი (1915). 1918-1948 წლებში მუშაობდა თბილისში (1935-1948 წლებში   -   საქართველოს არქიტექტურის კავშირის თავჯდომარე), 1948 წლიდან   -კიევში. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი (1922-1948). 1942 წლიდან ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის განყოფილების გამგე.სევეროვი დიდ დროს ანდომებდა ძველი ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრების შესწავლასა და ფიქსაციას. დაწერილი აქვს გამოკვლევები რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ქართულ ტაძარზე (სამწევრისი, ქუთაისის “ბაგრატის ტაძარი”, სამთავისი), მასვე აქვს გამოცემული პირველი  დასურათებული წიგნი ძველ ქართულ არქიტექტურაზე. დიდი ღვაწლი მიუძღვის სევეროვს  ძეგლთა აზომვა-ფიქსაციაში (ნეკრესი, შიომღვიმე, მცხეთის ჯვარი, წრომი, კუმურდო, მარტვილი, ალავერდი, ნიკორწმინდა და მრავალი  სხვ.). გაზომილი აქვს  აგრეთვე ძველი საერო არქიტექტურის ძეგლები, ძველი თბილისის საცხოვრებელი სახლები და სხვ. სევეროვის დამსახურება ისიც არის,  რომ მან პირველმა გამოიმუშავა ძეგლთა ანალიზური გრაფიკული ასახვა, მათი ისტორიული ფენების ჩვენებით. ძალიან ინტენსიური იყო სევეროვის მოღვაწეობა როგორც შემოქმედი არქიტექტორისა. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აგებული აქვს მრავალი საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობა. მისი პროექტით განხორციელდა   -   ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია 1929 წელს, თამარ მეფის ხიდი, კინოთეატრი «რუსთაველი” და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ნ.სევეროვის მთელი შემოქმედება საქართველოსთან იყო დაკავშირებული, სადაც დიდად დასაფასებელი კვალი დატოვა.  

მეტი

ლევან მუსხელიშვილი

(1900, თბილისი   -  1942, თბილისი) ისტორიკოსი და არქეოლოგი. 1918-1923 წლებში  სწავლობდა გერმანიაში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1930-1931 წლებში მონაწილეობდა ნოქალაქევის არქეოლოგიის ექსპედიციაში. 1931 წლიდან  მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1936 წლიდან   -   შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმში სწავლულ მდივნად.  1940 წლიდან ასრულებდა ამავე მუზეუმის დირექტორის მავალეობას. 1941 წლიდან  მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მატერიალურ კულტურის ისტორიის განყოფილების გამგედ. ლ. მუსხელიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში შუა საუკუნეების ძეგლების გეგმაზომიერი არქეოლოგიური გათხრების დაწყება და შემდგომი განვითარება. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით გათხარეს ბოლნისის სიონის ტერიტორია (1936), დაიწყეს ნაქალაქარ დმანისის (1936-1937), გეგუთის ციხე-დარბაზის (1937), გუდარეხის ნამოსახლარის (1938-1938) გათხრა, მდინარე მაშავრის ხეობის  არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა (1937). მუსხელიშვილმა გამოაქვეყნა შრომები სამშვილდის, სიონის  და მცხეთის სვეტიცხოვლის უძველეს ქართულ წარწერებზე, დააზუსტა თარიღები და ისტორიული პირთა ვინაობა.ლ. მუსხელიშვილმა თავისი შრომებით დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის პრობლემათა გაშუქებაში. წმინდა ისტორიული ხასიათის გამოკვლევების გარდა გამოქვეყნებული აქვს შრომები, სადაც ბევრი მანამდის უცნობი ხუროთმოძღვრული ძეგლია განხილული. სპეციალურ ლიტერატურაში გამოსცა ძველი ტექსტები, რომლებიც შეიცავენ მნიშვნელოვან ტერმინებსა და ცნობებს მშენებლობის შესახებ.  

მეტი

ლევან (ლეო) რჩეულიშვილი

(1909, ს. ხოვლე   -   1986, თბილისი) ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო  მკვლევარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1954). 1932 წელს დაამთავრა საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტი, 1936 წლიდან იყო ხელოვნების მუზეუმის «მეტეხის”, ხოლო 1941-1986 წლებში  -  ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1954-1986 წლებში  -  თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი, იკვლევდა შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრებას, XX საუკუნის ქართველ მხატვართა შემოქმედებას. ლ. რჩეულიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ძეგლთა დაცვის საქმიანობაში.   განსაკუთრებულია მისი დამსახურება ხუროთმოძღვრულ ძეგლთა აზომვასა და   ფიქსაციაში.  დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერი ქართულ საერო  არქიტექტურის კვლევას. ლეო რჩეულიშვილი ერთი იმათგანი იყო, ვინც დაამკვიდრა და განამტკიცა ინსტიტუტის მეცნიერული და ეთიკური  ტრადიციები.    

მეტი

რუსუდან (რუდა) მეფისაშვილი

(1913, ესენტუკი   -   2002, თბილისი) ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურის დოქტორი (1971), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). 1936 წ. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიის ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. 1941 წლიდან მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1986 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. რ. მეფისაშვილი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვა-რესტავრაციის დარგში წარმოებულ საქმიანობასთან. 1980-იან წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ძეგლთა ინსპექციის განყოფილებას. რ. მეფისაშვილის გამოკვლევები ძირითადად მიძღვნილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისადმი (ვალე, ერედვის წმინდა გიორგი და «ბერის საყდარი», მეჯუდას ბიეთი, ხეითის «საბაწმინდა», სხალთა და ა. შ.). გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი მონოგრაფიები ცალკეული ისტორიული პროვინციების ხუროთმოძღვრებისა და ზოგადად ქართული ხელოვნების შესახებ.  მონოგრაფიებს შორის მოცულობით და ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელობით გამოირჩევა წიგნი გელათის მონასტრის ყველა შუა საუკუნოვანი ნაგებობის შესახებ. ფართოდაა ცნობილი  მეფისაშვილის ვ. ცინცაძესთან ერთად დაწერილი შრომა შიდა ქართლის მთიანი ნაწილის ხუროთმოძღვრების შესახებ და მათივე გერმანიაში დაბეჭდილი წიგნები ძველი ქართული (ძირითადად, საეკლესიო) ხელოვნებისა და ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ. მეფისაშვილის თაოსნობით მომზადდა წიგნი ბანას ტაძარზე, სადაც თავმოყრილია მთელი სადღეისო ცოდნა ხუროთმოძღვრების ამ ქმნილების შესახებ. რ. მეფისაშვილს მეცნიერულად აქვს აზომილი მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი.    

მეტი

ვახტანგ ცინცაძე

(1915, თბილისი   -  1993, თბილისი) არქიტექტორი, რესტავრატორი, არქიტექტურის მკლევარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987). დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიის ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით (1936). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1972 წლიდან. 1941 წლიდან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საქმიანობასთან, 1945 წლიდან ინსტიტუტის თანამშრომელია. მონაწილეობდა მის ექსპედიციებში. 1974 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერული დოკუმენტაციისა და პუბლიკაციის განყოფილების გამგე. მუშაობდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის პრობლემებზე. შედგენილი აქვს მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლის (ნეკრესი, ბაგრატის ტაძარი, თელოვნის ჯვარპატიოსანი, გეგუთის ციხე-დარბაზი, ქვათახევი,  და სხვ.) აღდგენის პროექტი და მათი მეცნიერულ-ანალიტიკური ანაზომები. რ. მეფისაშვილთან ერთად ცინცაძემ მოამზადა ნაშრომი შიდა ქართლის მთიანი მხარის არქიტექტურაზე, მასთანვე ერთად დაბეჭდა გერმანიაში წიგნები ძველ ქართულ (უპირატესად საეკლესიო) ხელოვნებასა და შუასაუკუნოვან ქართულ ხუროთმოძღვრებაზე. ვ. ცინცაძე არქიტექტურის რესტავრაციის ქართული სკოლის ერთი უმთავრესი წარმომადგენელია, მისი აღდგენილია ქუთაისის „ბაგრატის ტაძარი“, მცხეთის “სვეტიცხოვლის» ბჯე  და თავად „სვეტიცხოველი“, ბიჭვინტის ტაძარი,  დრანდას ტაძარი, უბისისა და მარტვილის  „სვეტები“  და ა.შ.. ვ. ცინცაძე იყო აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის ეზოში.  

მეტი

ზაქარია მაისურაძე

(1912, თბილისი   -   1971, თბილისი) კერამიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). ქართული კერამიკული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც თავისი თემატიკით დაკავშირებული იყო ქართულ ფოლკლორთან  -  ხალხურ ზღაპრებთან. ზ. მაისურაძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო  აკადემიაში (1932-1938), იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1939-1959). დიდმა ინტერესმა ძველი ქართული კერამიკისადმი იგი მჭიდროდ დააკავშირა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან, სადაც მუშაობდა 1944-1971 წლებში და განაგებდა გამოყენებითი ხელოვნების განყოფილებას.   ნამუშევრები: სერია «ირმები” (1952-1960), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, სურათების ეროვნული გალერეა; კომპოზიციები ქართული ხალხური ზღაპრების თემებზე (მცირე პლასტიკა, 1952-1955), დეკორატიული პანო «მოსავლის აღება” (1953), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; კერამიკულ ფილებზე  შესრულებული დეკორატიული კომპოზიცია «ბერიკაობა” (1957-1959), სურათების ეროვნული გალერეა.

მეტი

ნიკო ჩუბინაშვილი

(1908, ლაიფციგი   -  1993, თბილისი)ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხეზეკვეთილობის, თანამედროვე არქიტექტურისა და ქანდაკების მკვლევარი, ძეგლთა დაცვა-აღდგენის მონაწილე და კონსულტანტი. უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ხელოვნების ისტორიის სპეციალობით. რამდენიმე წელი მუშაობდა საპროექტო-სამშენებლო დაწესებულებებში არქიტექტორად. შემდეგ მუზეუმ-ნაკრძალ ვარძიის მეცნიერ- თანამშრომლად. 1945 წლიდან იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი.  გამოაქვეყნა არაერთი საყურადღებო მონოგრაფია. ადრევე მონაწილეობდა ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ასაზომად მოწყობილ ექსპედიციებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გაზომილი აქვს ათეულობით მნიშვნელოვანი ნაგებობა (სვეტიცხოვლის, რუისის, გუდარეხის, ბედიის, სამთავისის, სამშვილდის  ტაძრები და სხვა). დიდია ნ. ჩუბინაშვილის დამსახურება ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლთა დაცვა-რესტავრაციის საქმეშიც,  მონაწილეობა აქვს მიღებული  ზოგიერთი ძველი ეკლესიის გახსნა-აღდგენაში (წილკნის კათედრალი, იკვი და სხვა).

მეტი

სარა ბარნაველი

(1902, თელავი   -   1984, თბილისი)ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1972), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979). 1925 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. 1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1972-1984 წლებში მცირე ხელოვნებათა გამყოფილების გამგე იყო. წლების განმავლობაში სწავლობდა ისტორიულ საბუთებსა და წერილობით წყაროებს, განსაკუთრებით ე. წ. მზითვის წიგნებს, როგორც მატერიალური კულტურის ამსახველ ძეგლებს. მისი მეცნიერული მოღვაწეობის მთავარი სფერო იყო მცირე პლასტიკა, კერძოდ  -  გლიპტიკა. ს. ბარნაველის ნაშრომებში განხილულია ქართული გლიპტიკის უნიკალური ძეგლები, მოცემულია ამ დარგის განვითარების საინტერესო სურათი, დაფუძნებული ძეგლების მხატვრულ ანალიზსა და ფართო ისტორიულ მასალაზე. მეცნიერულად შეისწავლა და გამოაქვეყნა ქართული ნივთიერი კულტურის, კერძოდ, მშენებლობის ისტორიასთან დაკავშირებული ძველი საბუთები.რჩეული ნაშრომები: 1. ქართული დროშები, თბ., 1953; 2. საქართველოს ანტიკური საბეჭდავების ისტორიიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. 18, N2, 1957; 3. საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, თბ., 1965; 4. Античная глиптика Грузии и её традиции в глиптике средневековья, წგნ:   Античность и античные традиции в культуре и искусстве народов Советского Востока, М., 1978. ელისაბედ  ბატონიშვილის მზითვის წიგნი, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. 10-B,  1940; ორი გემა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. VI,  N7, თბ., 1945; ახალი წარწერები ატენიდან, საქართველოს მეცნ. აკად. მოამბე, ტ. VII,  N1-2, თბ., 1946; გაერთიანებული  ქართული სახელმწიფოს ეპოქის დროშები, ქართული ხელოვნების ისტორიის  ინსტიტუტის I სამეცნიერო სესია, თეზისები,  თბ., 1946; ხარაგაულის ჯვრის გემა, ქართული ხელოვნების ისტორიის  ინსტიტუტის II სამეცნიერო სესია, თეზისები,  თბ.,  1947; სამთავისის «მეორედ აღმშენებლის» ვინაობა, საქართველოს მეცნ.  აკად. მოამბე,  N9, 1951; ქართული დროშები, თბ., 1953; ტარასი ალექსიშვილის "ქვეყნიური სამოთხე", საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. XV-B, თბ., 1953; მარმარილოს სტელა შავი ზღვის ფსკერიდან, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XI სესიის მასალები, თბ., 1956; საქართველოს ანტიკური საბეჭდავების ისტორიიდან, საქართველოს მეცნ. აკად. მოამბე, ტ. XVIII,   N2, თბ., 1957; გემა საჩინოდან, Ars Georgica, ტ. 5, თბ., 1959; კამეა სვანეთიდან, Ars Georgica,  ტ. 6 - A, თბ., 1963; «ბეჭდები მუნასიბიანნი» (ქართული გლიპტიკა, წარწერები ბეჭდებზე),   საქართველოს მეცნ.  აკად. მოამბე, ტ. XXX,  N1, თბ., 1963; საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, თბ., 1965; განვითარებული შუა საუკუნეების ქართული საბეჭდავების საკითხისათვის, «მაცნე»,  N5, 1966;  დავით ბატონიშვილის საბეჭდავი, ძეგლის მეგობარი,  N9, 1967; XIX საუკუნის მოღვაწეთა პორტრეტებისათვის, საქართველოს მეცნ.  აკად. მოამბე, ტ. 51,  N1, 1968; გასათხოვარი ქალის მზითევი XVIII ს. დასაწყისის საქართველოში,   საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. XI, თბ., 1971; სვანეთის გემმა პორტრეტის გამოხატულებით, Ars Georgica, N7, 1971; ნიშნები პორტრეტულ გემმებზე (არმაზისხევის სამაროვანში ნაპოვნი  გლიპტიკური პორტრეტები), ძეგლის მეგობარი,  N29, 1972; XVIII საუკუნის ქართული ხელოვნების ისტორიიდან, «მაცნე», ისტორიის სერია, N1, 1976; Античная глиптика Грузии и её традиции в глиптике средневековья, წგნ:      Античность и античные традиции в культуре и искусстве народов  Советского  Востока, М., 1978; ივანე ჯავახიშვილი და ქართული ხელოვნების ისტორია,  Ars Georgica, 8, 1979; დასავლეთ საქართველოს კათალიკოსთა ემბლემიანი საბეჭდავებისათვის,   Ars Georgica,  9-A, თბ., 1987;   მხატვარი დავით ქართველი (დასავლეთ საქართველოში მოღვაწე XVII    საუკუნის საბუთების გამფორმებელი მხატვარი),  Ars Georgica, 8-B, 1987.  

მეტი